კონდიციონერის მონტაჟი – რა გავითვალისწინოთ?
ჰიდროიზოლაცია
სახურავის ჰიდროიზოლაცია
June 15, 2018
პროექტირება
November 1, 2018

კონდიციონერის მონტაჟი – რა გავითვალისწინოთ?

უკვე დიდი ხანია, რაც კონდიციონერებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს საცხოვრებელ, საოფისე თუ საჯარო სივრცეებში. უჰაერობამ და ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა, ამიტომ, კონდიციონერის მონტაჟი ის ინვესტიციაა, რომელსაც ნამდვილად არ ინანებთ.

დღეს ბაზარზე კონდიციონერების საკმაოდ დიდი არჩევანია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი კონდიციონერებს ბევრი ახალი ფუნქციაც ემატებათ. იმისათვის, რომ თქვენი სივრცისთვის სწორად შეარჩიოთ გაგრილების სისტემა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

ფართობი

კონდიციონერის ზომა და სიმძლავრე თქვენი სივრცის მოცულობის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ კონდიციონერის გაგრილების ეფექტი უფრო დიდი ან პატარა ზომის სივრცეზე იქნება გათვლილი ჰაერში ტენიანობის ბალანსი დაირღვევა, კონდიციონერის ჩართვა-გამორთვა კი ხშირად მოგიწევთ სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ეს ყველაფერი თქვენს კომუნალურ გადასახადებზე უარყოფითად აისახება.

კონდიციონერის მონტაჟის წესები

იმისათვის, რომ გაგრილების სისტემის გამოყენება ბევრი წლის მანძილზე შეძლოთ, აუცილებელია დაიცვათ კონდიციონერის მონტაჟის წესები.

საქართველოში ყველაზე გავრცელებული გაგრილების სისტემა ორნაწილიანია – პირველი ნაწილი შიდა სივრცეში, კედელზე მონტაჟება, მეორე კი – გარეთ. ანდეთ მონტაჟის პროცესი პროფესიონალებს და  დარწმუნდით, რომ ხელოსანი ზუსტად ასრულებს მწარმოებლის რეკომენდაციებს კონდიციონერის მონტაჟის დროს.

ხმაური

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც, ხშირად, მომხმარებლის ყურადღების მიღმა რჩება. ამ ინფორმაციას კონდიციონერის ინსტრუქციაში იპოვით. იდეალურ შემთხვევაში, ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 50დბ-ს. ზედმეტად ხმაურიანმა კონდიციონერმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ მშვიდ ძილში, მუშაობაში და ა.შ.

ენერგოეფექტურობა

რაც უფრო ენერგოეფექტურია კონდიციონერი, მით უფრო ნაკლები იქნება თქვენი კომუნალური გადასახადი თვის ბოლოს. ენერგოეფექტურობა ბევრი კონდიციონერის ინსტრუქციაში ვარსკვლავების საშუალებით აღინიშნება. რაც უფრო მეტი ვარსკვლავი აქვს თქვენს კონდიციონერს, მით უფრო ნაკლები ენერგია დასჭირდება ოთახის გასაგრილებლად.

ტექნიკის მოვლა, შეკეთება

იმისათვის, რომ კონდიციონერი მუდმივად გამართულად მუშაობდეს, აუცილებელია, პერიოდულად გარკვეული დრო გამოყოთ მისი მოვლისთვის.

კონდიციონერის გაწმენდა და მისი ფილტრების მტვრისგან რეგულარულად გათავისუფლება ელექტროენერგიის 5-10%-ს დაგიზოგავთ. გარდა ამისა, ფილტრები ასუფთავებენ ჰაერს და იცავენ მას მტვრისა და სხვა ალერგენებისგან, ამიტომ მათთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

გაწმენდასთან ერთად, შესაძლებელია საჭირო გახდეს კონდიციონერის დატენვა, ანუ ფრეონის დამატება. უმჯობესია ეს საქმე პროფესიონალებს ანდოთ, რადგან თუ შესაბამისი ცოდნა და ინსტრუმენტები არ გაქვთ, საკმაოდ დიდია ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.

დამატებითი ფუნქციები

სმარტ-ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კონდიციონერებიც ახალ ფუნქციებს იძენენ. დღეს ბაზარზე არსებულ ბევრ კონდიციონერს აქვს არამხოლოდ გაგრილების, არამედ გათბობის სისტემაც, რაც მათ უფრო მოხერხებულს ხდის. შესაძლებელია ისეთი მოდელის პოვნაც, რომელიც ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს ან ჰაერის ნაკადის მართვის შესაძლებლობა აქვს.

ასევე, ზოგიერთი მათგანი მობილური აპლიკაციით, დისტანციურად იმართება, რაც დამატებითი კომფორტია. შეარჩიეთ ისეთი კონდიციონერი, რომელიც თქვენს საჭიროებებს უპასუხებს.

კონდიციონერის ფასი და გარანტია

მომხმარებლის ბიუჯეტი ხშირად მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია კონდიციონერის მონტაჟის დროს, თუმცა იაფი მოდელის შეძენა შესაძლოა სულაც არ იყოს ყველაზე ბიუჯეტური გადაწყვეტილება. ხარისხიანი, ენერგოეფექტური კონდიციონერის მონტაჟი, რომელსაც მწარმოებლის გარანტია მოყვება, გრძელვადიან პერიოდში, ფინანსურად უფრო გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს.