2020 წლის 13 მაისს, ამირან შალიკაშვილის დაარსებულ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრს უსრულდება 55-ე საიუბილეო წელი!
2015 წლის 13 მაისს პანტომიმის თეატრში იმყოფებოდა მარსელ მარსოს მიერ 2007 წელს გახსნილი “საერთაშორისო მიმების ორგანიზაციის” პრეზიდენტი მარკო სტოიანოვიჩი.
ამ ორგანიზაციის წევრების, 140-მდე ქალაქის პანტომიმის პროფესიონალური თეატრებისა და ჯგუფების თანხმობით, ერთხმად გადაწყდა, რომ საქართველოში გახსნილიყო საერთაშორისო პლასტიკის ცენტრი. ცენტრი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მიიღებდა სტუდენტებს და მათ საერთაშორისო პანტომიმის კულტურას, ქართული პანტომიმის ჟანრის საწყის ეტაპებსა და მის განვითარებას ასწავლიდა.
პროექტი გათვლილია საქართველოს ყველა თეატრისა და სრულიად ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენისთვის. ეს იქნება ერთადერთი ცენტრი, სადაც სახელმწიფოსთან შეთანხმებით გაიცემა შალიკაშვილის სერტიფიკატი, რომელიც მსოფლიო ბაზარს ძალიან სჭირდება.
საქართველოს პანტომიმის თეატრმა დადო ცენტრის აშენების პირობა და გააფორმა ხუთწლიანი ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ამ 5 წლის მანძილზე უნდა დაწყებულიყო შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრისა და საერთაშორისო პლასტიკის ცენტრის მშენებლობა.
თეატრს აქვს ქ. თბილისის მერის – კახა კალაძის მხარდაჭერა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯერ ვერ მოხერხდა ტერიტორიის გადმოცემა. იმ შემთხვევაში, თუ თეატრმა ტერიტორია მაინც არ მიიღო და არ წარადგინა მიმების ორგანიზაციაში, საერთაშორისო პლასტიკის ცენტრის ლიცენზიას ემუქრება დაკარგვა.
ნახევარი საუკუნის მანძილზე, პანტომიმის თეატრის სხვადასხვა თაობებმა მიაღწიეს ამ გამარჯვებას. დღეს, ყველა ქართულ თეატრს ესაჭიროება ქართული პანტომიმის სკოლა, რადგან ყველას სჭირდება პლასტიკა.
ეს არის ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა და ტურიზმის განვითარება საქართველოში, რადგან პანტომიმის ხელოვნებას ენის ბარიერი არ გააჩნია.
მსოფლიოში, ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ ოთხი საერთაშორისოდ აღიარებული მიმი. პირველ ადგილს იკავებს ჩარლი ჩაპლინი – მის შექმნილ პანტომიმის ხელოვნებაზე დაიწყო კინომატოგრაფიის სიცოცხლე. მეორე ადგილს იკავებს ამირან შალიკაშვილი, რადგან მსოფლიოში არავის ჩამოუყალიბებია ჟანრი, პანტომიმის თეატრი, ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში და სკოლა.
შემდეგ მოდიან მარსელ მარსო და ტომაშევსკი. ამ ბუმბერაზ ოთხეულში გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართული პანტომიმა, რადგან შალიკაშვილმა ერთადერთმა მოახერხა, რომ გამხდარიყო პანტომიმის ჟანრის ფუძემდებელი საქართველოში.
საქართველომ უნდა შეძლოს და შეინარჩუნოს ეს სტატუსი, რადგან საერთაშორისო ცენტრის ლიცენზია ააშენებს თეატრს ევროკავშირის დახმარებით. პანტომიმის თეატრისთვის ასეთი ლიცენზიის მოპოვება უკვე გამარჯვებაა. ამ ლიცენზიის დაკარგვა ქვეყნისთვის დიდი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება.
საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა ცხოვრების მანძილზე რთული გზა გაიარა. 70-იან წლებში დაწვეს მათი შენობა. დახურვის საფრთხე ორჯერ გადაიტანეს და წლები ვაგონებში გაატარეს.
შემდეგ, თეატრმა ააშენა შაპიტო, რომელიც ასევე დაუნგრიეს. 80-იან წლებში თეატრმა მიიღო რუსთაველის #37-ში მდებარე ყოფილი მოზარდის შენობა, რომელიც 2012 წელს გაიყიდა. 21-ე საუკუნეში, თეატრი დარჩა ქუჩაში. მისი ბედი ვერც შემდგომ პერიოდში ვერ გადაწყდა, თუმცა თეატრმა თავისი დაუღალავი შრომით, მაინც მოიპოვა ეს ლიცენზია.
დღეს, თეატრს მჭიდრო კუმუნიკაცია აქვს თბილისის მერთან, კახა კალაძესთან. ამირან შალიკაშვილმა მას ანდერძი დაუტოვა და დიდი იმედით წავიდა ამ ქვეყნიდან რომ ის მალე მოაგვარებდა ამ პრობლემას, მაგრამ დრო ძალიან ცოტა დარჩა!
თეატრი ითხოვს მიწის ნაკვეთს, რომელიც უნდა გაიცვალოს 9 აპრილის პარკში მდებარე თეატრის კუთვნილ მიწის ნაკვეთში – 919 კვ.მ. -ში, ლისის მიმდებარედ 3000კვ.მ.-ს სანაცვლოდ.
რაც შეეხება რუსთაველის ტერიტორიას, თეატრს ქონდა 2000 კვ.მ. აქედან 740 კვ.მ. უკანონოდ მიითვისა გიორგი რამიშვილის კომპანიამ „ახალი ოფისმა“ 1 ლარად. დარჩენილია 1260 კვ.მ.
თეატრს თითქმის ყველა ქართული თეატრის მხარდაჭერა აქვს წერილების სახით. ესეც ერთ-ერთი დამამტკიცებელი პარტნიორობაა, რომელშიც ნათქვამია რომ ყველა მხარს უჭერს ამ მშენებლობას.
შალიკაშვილის პანტომიმის თეატრი ერთადერთია საქართველოში, ვისაც აქვს რესურსი ააშენოს ახალი, თანამედროვე, 21-ე საუკუნის თეატრი, რომელსაც ნახევარი საუკუნის მძიმე ისტორია მოყვება. ამ თეატრმა შექმნა სლოგანი #ჩვენვაშენებთთეატრს ! ეს მსოფლიო დონის თეატრი არის ქვეყნის სიმდიდრე და ყველა ქართველის კუთვნილება. ასე დაიბარა შალიკაშვილმა და აქედან დაიბადა ეს სლოგანი.
დღეს ყოველი ჩვენგანი აშენებს ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრს და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრს!
ერთად გადავარჩინოთ შალიკაშვილის თეატრი!