შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სპეციალისტი
საშხაპე მინების დამზადება
March 1, 2020
ლამინატის დაგება
March 19, 2020

შრომის უსაფრთხოებისშრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სპეციალისტი

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება და რამდენიმე ასეული ჯანმრთელობის დაზიანებას იღებს საწარმოო ინციდენტების შედეგად. საგანგაშო სტატისტიკის გათვალისწინებით, საჭირო გახდა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრება.

2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უკვე ყველა სექტორზე ვრცელდება.

შრომის უსაფრთხოების სამსახური

კანონის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ჰყავდეს 1 ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები თანამშრომელი ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა.

თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

დამსაქმებელს, ასევე, შეუძლია ითანამშრომლოს გარე კომპანიასთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შრომის უსაფრთხოების საკითხებზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი შრომის უსაფრთხოების საკითხების მოგვარება?

შრომის უსაფრთხოების კანონის მიერ დაწესებული პირობების შესრულება დამსაქმებლისგან გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს გულისხმობს. თუმცა, თუ საკითხს რამდენიმე მხრიდან შევხედავთ, ნათელი ხდება, რომ დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა ორივე მხარის ინტერესებში შედის

კომპანიას სჭირდება ჯანმრთელი მუშახელი. თანამშრომელი ვერ იქნება ჯანმრთელი, თუ მისი უსაფრთხოება სამუშაო პირობებში დაცული არ იქნება.

როდესაც საწარმოო ინციდენტის გამო მუშახელი ვეღარ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, საჭირო ხდება ახალი კადრის მოძიება და მისი ტრენინგი, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე.

საწარმოო ინციდენტების დროს არანაკლებ ზიანდება დამსაქმებლის რეპუტაციაც. ჩნდება კითხვა, კომპანია, რომელსაც არ ადარდებს თავისი თანამშრომლების ბედი, იცავს კი სხვა სტანდარტებს? ითვალისწინებს კი მომხმარებლების ინტერესებს?

ყოველდღიურად იზრდება ისეთი მომხმარებლის რაოდენობა, რომელსაც სურს ითანამშრომლოს კომპანიასთან, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით ოპერირებს.

შრომის უსაფრთხოების კანონი

საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

კანონი ძალაშია 2019 წლის 1 სექტემბრიდან და მიზნად საქართველოში ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს.

კანონი სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე.

შრომის უსაფრთხოების კურსები და სერთფიკატები

კომპანიის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა.

საქართველოს ბაზარზე უკვე არაერთი ორგანიზაცია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს შესაბამის ტრენინგს. პროგრამის ხანგრძლივობა და თემატიკა განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.

აუცილებელია, რომ პირი (ან ორგანიზაცია) რომელიც პასუხისმგებელია შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, არ შემოიფარგლებოდეს ერთჯერადი ტრენინგით. ეს არის სფერო, რომელში მომუშავე პირებიც მუდმივად უნდა ახორციელებდნენ კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს, ეცნობოდნენ სიახლეებს და პერიოდულად გადიოდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი ტრენინგის სერტიფიკატი მხოლოდ ფორმალურად მოაგვარებს შრომითი უსაფრთხოების საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ჯანმრთელობის ცნობა – სად ავიღოთ და რა ღირს?