ხის იატაკი თუ ლამინატი?
ლამინატის დაგება
March 19, 2020
ავეჯის რესტავრაცია
March 19, 2020

ხის იატაკი თუ ლამინატი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ინტერიერის დიზაინის პროცესში მიიღებთ – იატაკის დაგებაა. ხშირად, მომავალი მაცხოვრებლებისთვის, ბუნებრივი ხე შეუცვლელ მასალად მიიჩნევა მისი ორგანული იერის, დიზაინის მრავალფეროვნებისა და გამძლეობის გამო.

ამის მიუხედავად, ახალ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსებში ხშირად ვხვდებით ლამინატის იატაკს – ბუნებრივი ხის უფრო ბიუჯეტურ ალტერნატივას. ორივე მასალას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

თუ მხოლოდ ფასის მიხედვით შევადარებთ ბუნებრივ ხესა და ლამინატს, რა თქმა უნდა ვნახავთ, რომ ლამინატი გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი მასალაა. თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ მათი გამძლეობა, ინსტალაციისა და შემდგომი მოვლის ფასები, ის სივრცე სადაც იატაკი იგება და სხვა ფაქტორები.

ხის იატაკის დაგება

ხის იატაკის ფასი დიდწილად დამოკიდებულია ხის სახეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ხის პარკეტის ფასები მნიშვნელოვნად აღემატება ლამინატისას. ფასს განსაზღვრავს მასალის სახეობაც – შეგიძლიათ აირჩიოთ მასიური, ორშრიანი ან სამშრიანი პარკეტის დაგება.

ხის იატაკი მიდრეკილია ნაკაწრებისკენ. თუ მას ისეთ სივრცეში დააგებთ, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს, ცვეთა დროთა განმავლობაში თავის კვალს დატოვებს. ბუნებრივი ხის იატაკზე განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ნესტიანობა და სითხის მოხვედრა ახდენს.

სამაგიეროდ, საკმაოდ მარტივია პარკეტის რესტავრაცია. ზედაპირის პოლირებითა და შემდეგ მისი შესაბამისი დამუშავებით, ის აუცილებლად დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.

სწორი მოვლის და ხარისხიანი პარკეტის ლაქების გამოყენების პირობებში ის ათწლეულების განმავლობაში გაძლებს და შესაძლოა ფასიც მოუმატოს თქვენს უძრავ ქონებას.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ბუნებრივი ხის იატაკი უკეთესად ინარჩუნებს ტემპერატურას და მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზეც უფრო დადებითად მოქმედებს, ვიდრე ხელოვნური მასალა.

უალტერნატივოა მისი ვიზუალური მხარეც – ნამდვილი ხის ფაქტურა ნებისმიერი სტილის ინტერიერს მოერგება და ყოველთვის შეინარჩუნებს აქტუალურობას.

ლამინატის დაგება

ლამინატის მასალა, ისევე როგორც მისი დაგების ხელობის საფასური, უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბუნებრივი ხე. უფრო სწრაფი და მარტივია დაგების პროცესიც.

ლამინატი მზადდება დაპრესილი ხისგან და დაფარულია დეკორატიული ზედა ფენით. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მიიჩნევა, რომ მაღალი ხარისხის ლამინატი ბუნებრივ ხეზე უფრო გამძლეა. მასზე უფრო გვიან აისახება ცვეთის კვალი, ნაკლებად ჩნდებიან ნაკაწრები, უკეთესად უძლებს ტენიანობასა და მზის სხივებს.

ლამინატის ექსპლუატაციის ვადა, საშუალო დატვირთვის შემთხვევაში, დაახლოებით 15 წელია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი მისი რესტავრაცია საკმაოდ რთულია. უმეტეს შემთხვევაში, უფრო გონივრული გადაწყვეტილებაა მისი სრულად გამოცვლა.

ვიზუალურად, ლამინატი ხის პარკეტს ჰგავს, თუმცა ორგანული ფაქტურის ხელოვნური მასალით გამეორება საკმაოდ რთულია და ისეთ ეფექტს ვერ გვაძლევს, როგორსაც  ბუნებრივი ხის შემთხვევაში მივიღებდით.

საუკეთესო სივრცეები ხისა და ლამინატისთვის

ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას ის სივრცეც უნდა გაითვალისწინოთ, სადაც იატაკს აგებთ.

ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლები დატვირთვაა და მნიშვნელოვანია სითბოს შენარჩუნება, უმჯობესია არჩევანი.  ხის იატაკზე შეაჩეროთ. მაგალითად, ასეთი ოთახები შეიძლება იყოს საძინებელი, ბავშვებისა და სასადილო ოთახები.

იმ ადგილებში კი, სადაც მეტი ხალხი მოძრაობს, ხშირად ხვდება სითხე და მზის სხივები, ლამინატი უკეთესი იქნება.