ინდუსტრიული მშენებლობა
ელექტრო კაბელები – როგორ შევარჩიოთ?
August 18, 2020
სამზარეულოს დამზადება
November 4, 2020

ინდუსტრიული მშენებლობა

ინდუსტრიული ობიექტები შენობა-ნაგებობების საკმაოდ ფართო ჯგუფია და აერთიანებს სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებს. ინდუსტრიული შენობა შეიძლება გათვლილი იყოს როგორც მხოლოდ ერთი ტიპის გამოყენებაზე (მაგალითად: საწყობი, სამაცივრე მეურნეობა) ასევე რამდენიმეზე (ე.წ. ფლექს ტიპის შენობები).

ობიექტის სახეობის გათვალისწინებით, ინდუსტრიული მშენებლობის დროს ბევრი განსხვავებული ფაქტორისა და საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებაა აუცილებელი. განასხვავებენ შემდეგი ტიპის ინდუსტრიულ ნაგებობებს:

საწყობი ან სადისტრიბუციო შენობა

სასაწყობე და სადისტრიბუციო შენობებს როგორც წესი დიდ ფართობზე, ერთ სართულად აშენებენ. მათ როგორც წესი მაღალი ჭერი და დიდი საპარკინგე ზონა აქვთ, ტრაილერებისა და სატვირთო მანქანების განსათავსებლად.

დამატებით, სასაწყობე სივრცეებს უნდა ჰქონდეთ რამდენიმე დიდი შესასვლელი პროდუქციის შესატანად და გამოსატანად, სპეციალურად გამოყოფილი პუნქტები ტრაილერების დასატვირთად და ა.შ.

ქარხნები და საწარმოები

ეს შენობები გათვლილია სპეციალური დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის განსათავსებლად, რომლებიც პროდუქტისა და სხვადასხვა მასალის წარმოებისთვისაა აუცილებელი. მათ ხშირად სჭირდებათ სამფაზიანი მაღალი გამტარიანობის მქონე ელექტრო-გაყვანილობა, წყალგაყვანილობა, იატაკის დრენაჟი, ვენტილაცია, სასაწყობე სივრცე და სხვა დამატებითი ფუნქციები.

სამაცივრე შენობები

სპეციალიზირებული სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს დიდი რაოდენობის სხვადასხვა პროდუქტის შენახვას. განასხვავებენ პლუს და მინუს მაცივრებს, შოკ-გაყინვის სისტემას და ა.შ. სამაცივრე მეურნეობები ხშირად პროდუქტის დისტრიბუციისთვისაც გამოიყენება, ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, მათ სადისტრიბუციო ინდუსტრიული ნაგებობის ფუნქციებიც ემატებათ.

დატა-ცენტრები

ეს ინდუსტრიული შენობების შედარებით ახალი და საკმაოდ სპეციფიკური ტიპია, რომლის დაგეგმვასა და აშენებას განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება. ცენტრი განთავსებული უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც ელექტროენერგიის უწყვეტი წყარო გარანტირებული იქნება.

შიდა სივრცის დაპროექტების დროს კი აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, გაგრილების სისტემის მონტაჟი და სხვა.

შოურუმები

როგორც წესი, ამ ობიექტების მხოლოდ 50% ეთმობა გაყიდვებისთვის განკუთვნილ დარბაზებს. შენობის დანარჩენი ნაწილი უმეტესად სასაწყობე, სადისტრიბუციო და საოფისე სივრცეებს ხმარდება.

ფლექს შენობები

ფლექს ანუ მოხერხებული შენობები როგორც წესი რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად ასრულებენ. ერთ სივრცეში შეიძლება მოთავსებული იყოს ოფისი, სივრცე სხვადასხვა კვლევებისთვის, მცირე ზომის შოურუმი, საწყობი და სადიტრიბუციო სივრცეც კი.

ფლექს შენობები ზოგჯერ გამოიყენება მცირე მოცულობის პროდუქტის წარმოებისთვისაც, სადაც განსაკუთრებული ტექნიკის განთავსება აუცილებელი არ არის.

კვლევისა და განვითარების ცენტრები

ბოლო წლებში, მაღალტექნოლოგიური კომპანიები თავიანთ მთავარ ოფისებად ინდუსტრიულ შენობებს მოიაზრებენ. ყველაფრის ერთ სივრცეში განთავსება თანამშრომელბისთვის ზოგავს დროს, ხარჯებს და ენერგიას. ამასთან ერთად, სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის კომუნიკაცია  უფრო ეფექტურია, როცა ოფისი, საწარმო, საწყობი და შოურუმი ფაქტობრივად ერთ სივრცეში მდებარეობს.