თუკი სასტუმროს მენეჯმენტში ჩაბმა გადაწყვიტეთ, ამისთვის წინასწარ შემუშავებული გეგმა და ინოვაციური ხედვა დაგჭირდებათ, რადგანაც ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია და მინიმუმ უკეთესი პირობები უნდა შესთავაზოთ პოტენციურ კლიენტებს.
ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას ისეთი სასტუმროს მშენებლობისთვის, რომელიც სტუმრებს ასობით სასტუმროდან, კონკრეტულად თქვენს სასტუმროში ღამის გათევის სურვილს გაუჩენს.
პირველ რიგში, როდესაც ადამიანები ახალი საქმის წამოწყებას აპირებენ, აკეთებენ რისერჩს და ეს არ ეხება მხოლოდ სასტუმროს მშენებლობას – ეს ყველა ახალი საქმიანობის დაწყების პირველი ფაზაა.
მოიძიეთ, რაც შეიძლება, ბევრი ინფორმაცია. დააკვირდით კონკურენტების მენეჯმენტს, მათ სერვისებსა თუ შეთავაზებებს და მხოლოდ ამის შემდეგ დასახეთ გეგმა თუ როგორი სასტუმრო გინდათ, რომ ააშენოთ.
მოძებნეთ ისეთი ადგილი, რომელიც ნურც ცენტრი იქნება და ნურც მთლად მოშორებული გარესამყაროსგან. შეეცადეთ სასტუმრო ისეთ ადგილას ააშენოთ, საიდანაც ქალქაის დასათვალიერებლად წასვლა მარტივი იქნება – თუნდაც რომელიმე მეტროსთან ახლოს.
ბოლო დროს ადამიანები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ შეფუთვას. კარგი შეფუთვისთვის კი, კარგი მარკეტინგია საჭირო. ეცადეთ მისწვდეთ მომხმარებლის სურვილებსა და სუსტ წერტილებს, ამაში კი, სოციალური მედია დაგეხმარებათ.
შექმენით თქვენი სასტუმროს საიტი და სოციალური გვერდი (დღესდღეობით, ამისთვის იდეალური პლატფორმა ფეისბუკი და ინსტაგრამია) და შეეცადეთ მისი დიზაინი იმდენად მიმზიდველი და საინტერესო იყოს კლიენტებისთვის, რომ მინიმუმ მისი შემოწმება მაინც გადაწყვიტონ.
ატვირთეთ კარგი ხარისხის სურათები და გააკეთეთ აქცენტი თქვენს ძლიერ მხარეებზე, იმაზე, თუ რა გხდით კონკურენტებთან შედარებით უპირატესს. შექმენით ჰეშტეგები და მიეცით სტუმრებს საშუალება, თქვენს სასტუმროში დარჩენის შემდეგ, თავად გააკეთონ მისი რეკლამა ამ ჰეშტეგის გამოყენებით სელფებზე.
არაფერი ხიბლავს სტუმრებს ისე, როგორც კარგი სელფის გადასაღები გარემო, ამიტომაც, შეუქმენით მათ ეს კომფორტი, ჩართეთ კრეატივი და შექმენით ისეთი დიზაინი, რაც თვალისთვის უცხოდ აღსაქმელი იქნება და შთაბეჭდილებას დანახვისთანავე მოახდენს.
ამისათვის იდეების მთელი რიგი არსებობს. კარგად მოწყობილი აუზი ან ფანტანი ეზოში, თვალისმომჭრელი ჭაღი ჰოლში, ბიბლიოთეკა ან ნებისმიერი რამ, რაც ადამიანების ყურადღებას მიიქცევს და თქვენი ბიუჯეტის ფარგლებშიც მოექცევა.
იყავით უფრო გამჭვირვალეები ამ სიტყვის სრული გაგებით, გაამახვილეთ ყურადღება თქვენი სამზარეულოს სისუფთავეზე, ამის გაკეთება ბევრნაირად შეგიძლიათ, ერთ-ერთი ვარიანტი კი, შუშის გამყოფი ბარიერი შეიძლება იყოს სამზარეულოსა და სასადილოს შორის. ვიზიტორები თავად შეხედავენ და შეაფასებენ მზარეულების საქმიანობას.
მგონი არავის უყვარს, როდესაც მათ ასულელებენ, შესაბამისად თქვენი სასტუმროს ფასები უნდა იყოს რეალური. რეალურში იგულისხმება სწორედ ის, რაც კონკრეტული სერვისი რეალურად ღირს (რა თქმა უნდა მარჟის გათვალისწინებით). ნუ მოგინდებათ მოკლე ხანებში გამდიდრება არარეალური ფასების ხარჯზე, რადგან ასე, შესაძლოა, თქვენს სტუმრებს მოეწონოს თქვენი სერვისები, მაგრამ ფასი იმდენად მიუღებელი იყოს მათთვის, რომ თქვენთან კიდევ რამდენიმე ღამით დარჩენა გადაიფიქროს.
თქვენ უნდა იყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ თქვენი სტუმრები თქვენთან დიდ ხანს დარჩნენ და სხვაგან გადასვლა მხოლოდ ფასის გამო არ გადაწყვიტონ. ეს ნამდვილად არაპროფესიონალური ნაბიჯი იქნება თქვენი მხრიდან.
დაბოლოს, რაც უფრო მეტს იფიქრებთ იმაზე, თუ რა სურთ კლიენტებს, თქვენი სასტუმროც უფრო და უფრო მიმზიდველი ადგილი გახდება მათთვის შვებულების გასატარებლად.